შემოგვიერთდით

#ფშავხევსურეთისინტერნეტიზაციისთვის

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2017-2018 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობას, მთიდან, მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდნენ ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის სოფლებში მცხოვრებნი.

ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციისთვის (უსადენო ინტერნეტის ქსელის აწყობა) დაახლოებით 400 ათას ლარზე მეტი იყო საჭირო. პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ მოამზადა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექორი უჩა სეთური მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციის მიზნით. იმავე დროს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრისა და „მთის ამბების“ მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს და ადვოკატირების კამპანია დაიწყეს. ამ კამპანიის ნაწილი იყო „ქვებთან მოლაპარაკე“ ნიკო არდოტელის, ლია შეთეკაურის, მარიამ მინდიკაურის, პაატა ხახიაურის და სხვების ვიდეომიმართვები, რომლებიც „მთის ამბებმა“ მოამზადა.

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ ISOC-ის, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა, პროექტის განსახორციელებლად დანარჩენი თანხა, 246 ათასი ლარი კი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

ინტერნეტით მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მცხოვრები ისარგებლებს. ფიზიკური პირებისთვის წამში 10 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება 25 ლარი იქნება, იმაზე იაფი, ვიდრე ბარშია. Wi-fi ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება დათვიჯვრისა და არხოტის უღელტეხილებზეც.

პროექტი ითვალისწინებს ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელის მოწყობასაც 50 აბონენტისთვის. ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია სექტემბერში უნდა დასრულდეს.

მის: გურჯაანი, იოსებ ნონეშვილის N1, მე-3 სართ.

მხარდაჭერა

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტის ფარგლებში.

© 2019. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი