შემოგვიერთდით

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ფორმალური შეცდომა დაუშვა

პრაქტიკაში არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ნორმატიულ აქტებსა და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებებში (მათ შორის, უზენაესი სასამართლოსი), არასწორად არის სახელდებული სამართლებრივი აქტის მუხლის სტრუქტურული ელემენტები - „პუნქტის“ მაგივრად მითითებულია „ნაწილი“ ანდა პირიქით, „ქვეპუნქტს“ უწოდებენ „პუნქტს“ და ა.შ.. უფრო მეტიც, ასეთი უზუსტობა გვხვდება ზოგიერთ კანონშიც (მაგალითად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 20 ივლისის საოქმო ჩანაწერით №3/6/755 არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო თამარ პაპაშვილისა და ანა ბერიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც მოთხოვილია საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება. საოქმო ჩანაწერს პლენუმის 9 წევრიდან ხელს აწერს 8 მოსამართლე (განხილვაში არ მონაწილეობდა მოსამართლე მერაბ ტურავა).

საოქმო ჩანაწერში საარჩევნო კოდექსის ნორმებზე მითითებისას დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რამეთუ კოდექსის მუხლების სტრუქტურული ელემენტები მოხსენიებულია არა პუნქტებად, არამედ ნაწილებად - მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, 109-ე მუხლის პირველი ნაწილი, 110-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება, 125-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.

მსგავსი უზუსტობა საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლოს დაახლოებით 6 წლის წინ დაუშვა და მაშინაც საარჩევნო კოდექსის ნორმებთან დაკავშირებულ საქმეზე (იხ. 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად), ხოლო პუნქტი (კოდექსებში - ნაწილი) - ქვეპუნქტებად.

ამრიგად, ნებისმიერ ნორმატიულ აქტში, მუხლის სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც არაბული ციფრებითაა დანომრილი, ეწოდება „პუნქტი“ (მათ შორის, კონსტიტუციაშიც). გამონაკლისია მხოლოდ ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც „კოდექსის“ სახით არის მიღებული.

„კოდექსი“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „წიგნს“. არსებითად კი კოდექსი არის კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი (ნორმათა კრებული), რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს, ანუ სამართლის ერთ ან რამდენიმე დარგს (ქვედარგს) ერთიან ნორმატიულ კომპლექსში აერთიანებს. ამასთან, კოდექსი მხოლოდ ნორმათა სისტემატიზაციის შედარებით მაღალი ხარისხით განსხვავდება სხვა კანონებისაგან და არა იურიდიული ძალით.

დღეისათვის საქართველოში სულ 21 მოქმედი კოდექსია, რომლებიც პირობითად ორ ჯფუფად შეიძლება დაიყოს:

- კოდექსები, რომლებიც მიღებულია საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძველზე და, შესაბამისად, ორგანული კანონის ფორმით (სულ - 3);

- კოდექსები, რომლებიც ამ დასახელებით არის მიღებული პარლამენტის მიერ მისი „საკანონმდებლო სუვერენიტეტის“ ფარგლებში და იურიდიული ძალის თვალსაზრისით ჩვეულებრივი კანონის ტოლფასია (სულ - 18).

პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

1) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; 2) საარჩევნო კოდექსი; 3) შრომის კოდექსი.

მეორე ჯგუფში შედიან:

1) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 2) ნარჩენების მართვის კოდექსი; 3) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; 4) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; 5) საგადასახადო კოდექსი; 6) პატიმრობის კოდექსი; 7) საბიუჯეტო კოდექსი; 8) სარკინიგზო კოდექსი; 9) ტყის კოდექსი; 10) საზღვაო კოდექსი; 11) საჰაერო კოდექსი; 12) სისხლის სამართლის კოდექსი; 13) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; 14) სამოქალაქო კოდექსი; 15) სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; 16) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 17) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; 18) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

საკანონმდებლო პრაქტიკა იმგვარად წარიმართა, რომ ორგანული კანონის ფორმით მიღებული კოდექსების მუხლები დაყოფილია პუნქტებად, ხოლო „ჩვეულებრივი“’ კოდექსებისა - ნაწილებად (ქვეპუნქტებად დაყოფა ორივე შემთხვევაში იდენტურია).

საქართველოს საარჩევნო კოდექსი ორგანული კანონია და, ამდენად, მასში არსებული მუხლების სტრუქტურა პუნქტებისაგან შედგება და არა ნაწილებისაგან, რაც თვით კანონის ტექსტშივე პირდაპირ არის მითითებული.

 

მის: გურჯაანი, იოსებ ნონეშვილის N1, მე-3 სართ.

მხარდაჭერა

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტის ფარგლებში.

© 2019. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი