სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

kaenruce

გზამკვლევი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის

2016-08-23 12:01:14

2084

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა „თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში მოამზადა გზამკვლევი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის.

 

გზამკვლევში განმარტებულია რა არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, როგორია საბჭოს შექმნის წესი, როგორ ხდება საბჭოს სხდომების მოწვევა? ვინ წარმართავს საბჭოს სხდომებს? როგორი წესით ტარდება საბჭოს სხდომა? ვინ ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარეს? რა საკითხების განხილვა შედის საბჭოს კომპეტენციაში? როგორი წესით იღებს საბჭო გადაწყვეტილებებს? რა ფორმით უნდა გამოქვეყნდეს საბჭოს გადაწყვეტილებები?

 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

2015 წლის 22 ივლისს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 4 აგვისტოდან ამოქმედდა, შემოღებულ იქნა ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.

 

რა არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო?

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - თვითმმართველი თემის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის და ქალაქ თბილისის რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანო.

 

როგორია საბჭოს შექმნის წესი?

● საბჭოს შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს და მის შემადგენლობას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი (მერი), რომელიც ამ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.

● საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირების, არაკომერციული იურიდიული პირების (არასამთავრობო ორგანიზაციების) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან. 

სასურველია, იურიდიული პირებისა და მოსახლეობის წარმომადგენელთა რაოდენობა (კვოტა) კონკრეტულად განისაზღვროს საბჭოს დებულებით. მაგალითად, დებულებაში ჩაიწეროს, რომ მათი რაოდენობა არ უნდა იყოს საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლები. ამასთან, რეკომენდებულია, რომ საბჭოს წევრების შერჩევისას შეძლებისდაგვარად იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ადმინისტრაციული ერთეულისა თუ ცალკეული დასახლებების წარმომადგენლობა.

● საბჭოს წევრთა შერჩევის ფორმები შეიძლება განისაზღვროს საბჭოს დებულებით. მაგალითად, დებულებაში ჩაიწეროს, თუ ვის შეუძლია საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენა. რეკომენდებულია, საბჭოს წევრთა შერჩევის ფორმები იყოს ღია და საჯარო, რათა მაქსიმალურად მაღალი ხარისხით იქნეს უზრუნველყოფილი აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

● დაუშვებელია საბჭოს შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და მოხელეების შეყვანა. ასევე რეკომენდებული არ არის, რომ საბჭოს წევრები იყვნენ საკრებულოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების წარმომადგენლები.    

● საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ 10 წევრი, ხოლო წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. საბჭოს წევრთა კონკრეტულ რაოდენობას ერთპიროვნულად განსაზღვრავს გამგებელი (მერი). ამასთან, სასურველია, რომ საბჭოს დებულებაში არ ხდებოდეს კანონში არსებული ნორმების მექანიკური დუბლირება (ამგვარი შემთხვევები გვხვდება აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში). დებულება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია და, ამდენად, უნდა შეიცავდეს კონკრეტულ რეგულაციებს. მაგალითად, უმჯობესია დებულებაში ჩაიწეროს შემდეგი ფორმულირება: „საბჭო შედგება 15 წევრისაგან“, და არა ასე - „საბჭო შედგება არანაკლებ 10 წევრისგან“.

● საბჭოს შემადგენლობაში თითოეული წევრის შეყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს მათი წინასწარი თანხმობით. სასურველია, რომ ამგვარი თანხმობა შედგენილ იქნეს წერილობითი ფორმით და დარეგისტრირდეს გამგეობის ადმინისტრაციულ აპარატში.

● საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას სავალდებულოა გენდერული ბალანსის დაცვა - საბჭოს წევრებს შორის ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საბჭო ლეგიტიმური ვერ იქნება და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ჩაითვლება იურიდიული ძალის არმქონედ.

● გამგებელი (მერი) უფლებამოსილია ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს საბჭოს შემადგენლობა. საბჭოს წევრთა შეცვლას იგი ახორციელებს საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ გამოცემულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის ფორმით. ამასთან, გამგებელს/მერს არ ევალება ბრძანებაში დაასაბუთოს, თუ რატომ მიიღო საბჭოს შემადგენლობაში პერსონალური ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება. ცალსახად არასწორია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული პრაქტიკა, როდესაც საბჭოს დებულებაში ჩაწერილია, რომ „საბჭოს წევრის გაწვევა დაუშვებელია“.

 

როგორ ხდება საბჭოს სხდომების მოწვევა?

● მრჩეველთა საბჭო უნდა შეიკრიბოს სულ ცოტა 3 თვეში ერთხელ მაინც, თუმცა გამგებელი (მერი) უფლებამოსილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომა მოიწვიოს ნებისმიერ დროს.

● საბჭოს სხდომა მოიწვევა ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) მიერ. ყოველი სხდომის მოწვევისათვის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, ასევე სხდომის დღის წესრიგი. ბრძანება უნდა გამოიცეს და გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. გამოქვეყნება უნდა მოხდეს პროაქტიულად და ისეთი ფორმით, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა (უმჯობესია, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით).

● დაუშვებელია, რომ საბჭოს სხდომებს საკუთარი ინიციატივით იწვევდეს მისი თავმჯდომარე ან წევრთა გარკვეული ჯგუფი. საბჭოს თავმჯდომარეს და ცალკეულ წევრებს შეიძლება ჰქონდეთ სხდომის მოწვევის და მასზე განსახილველი საკითხების ინიცირების უფლება, რის თაობაზეც უნდა მიმართონ გამგებელს (მერს) და წარუდგინონ სათანადო არგუმენტები.

● საბჭოს ეფექტური საქმიანობის მიზნით, საბჭოს თითოეულ წევრს წინასწარ უნდა გადაეცეს (გაეგზანოს) სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების პროექტები. საბჭოს წევრი უფლებამოსილია სხდომის ჩატარებამდე ან უშუალოდ სხდომაზე წარადგინოს საკუთარი შენიშვნები, მოსაზრებები და წინადადებები.

● საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, შესაძლოა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დაევალოს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს მდივანს და/ან გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს. ამასთან, უმჯობესია, რომ ეს საკითხი განსაზღვრული იყოს საბჭოს დებულებით. 

 

ვინ წარმართავს საბჭოს სხდომებს?

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის - გამგებლის (მერის) სათათბირო ორგანო. შესაბამისად, საბჭოს სხდომას, როგორც წესი, უძღვება გამგებელი (მერი). მისი დავალებით, სხდომას შეიძლება უძღვებოდეს საბჭოს თავმჯდომარე.

 

როგორი წესით ტარდება საბჭოს სხდომა?

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო კოლეგიური ორგანოა, ამიტომ მისი ყველა სხდომა უნდა ჩატარდეს ღიად და საჯაროდ, გარდა კანონით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა - ანუ, თუ განსახილველი საკითხები შეეხება პერსონალურ მონაცემებს, მიეკუთვნება სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

ვინ ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარეს?  

საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას მისი წევრებიდან ერთპიროვნულად შეარჩევს გამგებელი (მერი), რომელსაც ასევე შეუძლია მისი თავმჯდომარის გადაყენებაც. აშკარად მცდარია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარეს ირჩევენ საბჭოს წევრები, გამგებლისგან (მერისგან) დამოუკიდებლად.

 

რა საკითხების განხილვა შედის საბჭოს კომპეტენციაში?

● „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრულია იმ საკითხების ნუსხა, რომელთა საბჭოსთვის წარდგენა სავალდებულოა. კერძოდ, გამგებელი/მერი ვალდებულია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს:

  1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი (მათ შორის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტიც); 
  2. სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები (იხ. საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“);
  3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები (იხ. საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“); 
  4. ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები;
  5. სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები (იგულისხმება როგორც ინდივიდუალური აქტები, ისე იმ ნორმატიული აქტების პროექტები, რომელთა საკრებულოსთვის წარდგენაც გამგებლის კომპეტენციაში შედის).

კონკრეტულად რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები შეიძლება იქნეს მიჩნეული მნიშვნელოვნად, ეს საკითხი ერთპიროვნულად წყდება გამგებლის/მერის მიერ, თუმცა საბჭოს წევრებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივითაც მოსთხოვონ გამგებელს/მერს ცალკეული სამართლებრივი აქტების პროექტების განსახილველად წარდგენა. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, შეძენა ან სარგებლობაში გადაცემა, ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, მუნიციპალური იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მნიშვნელოვანი სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.

● საბჭოს დებულებით შეიძლება გაფართოვდეს იმ საკითხების ნუსხა, რომელთა საბჭოსთვის განსახილველად წარდგენაც სავალდებულო იქნება.

● საბჭოს უფლებამოსილებათა სფერო უნივერსალური არ შეიძლება იყოს. მაგალითად, დაუშვებელია საბჭოს წარედგინოს ისეთი საკითხები:

- რომლებიც არ მიეკუთვნება გამგებლის/მერის უფლებამოსილებას;

- კანონმდებლობის შესაბამისად, შედის სხვა მუნიციპალური ორგანოს (კომისიების, სამუშაო ჯგუფების) კომპეტენციის სფეროში (მაგალითად, საბჭო ვერ განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის შესახებ; მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და სხვა);

- უკავშირდება საჯარო სამსახურში პერსონალურ საკითხებს (საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, წახალისება, დაწინაურება და ა.შ.).

 

როგორი წესით იღებს საბჭო გადაწყვეტილებებს?

● გადაწყვეტილების მიღების წესები უნდა განისაზღვროს საბჭოს დებულებით. ზოგადი წესის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით (50 % + 1 ხმა), თუმცა შესაძლებელია, რომ ცალკეული საკითხების მიმართ, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დადგინდეს განსხვავებული რაოდენობაც (მაგალითად, დამსწრეთა 2/3; საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 და ა. შ.).

● საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელიც შეიძლება შეადგინოს საბჭოს მდივანმა ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისმა მოხელემ.

● იურიდიული ძალის თვალსაზრისით, საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს არა იმპერატიული (შესასრულებლად სავალდებულო), არამედ მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობა. გამგებელი/მერი უფლებამოსილია არ გაიზიაროს საბჭოს რეკომენდაცია და მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება.

 

რა ფორმით უნდა გამოქვეყნდეს საბჭოს გადაწყვეტილებები?

საბჭოს სხდომის ოქმი საჯარო ინფორმაციაა და სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. საჯაროობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სასურველია საბჭოს სხდომის ოქმები აიტვირთოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე შესაძლებელია, რომ იგი განთავსდეს გამგეობის შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. 

 

გზამკვლევი მოამზადა „თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის“ პროექტის მენეჯერმა გელა შაშიაშვილმა. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. 

 

 

 

მოგვწერეთ

ვიდეო

ოლეგ სლივიორსტოვის ვიდეობლოგი – არცერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ

კახეთში მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ